რიტმი

 მნიშვნელოვანი დამცავი გარსი და აღმზრდელობითი პრინციპი არის დროის რიტმული განაწილება. საერთოდ ადამიანი მრავალგვარ რიტმთან არის დაკავშირებული: წელიწადის დროები, დღე და ღამე, ძილი და ღვიძილი, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა და ა.შ.. ამ ფენომენთა რიტმულ მონაცვლეობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ადამიანი იცხოვროს ცხოვრების ჯანსაღი წესით. სასიცოცხლო რიტმებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, ეს არის თვითგანკურნების პრინციპი. რიტმი თავად არის გამაჯანსაღებელი. რიტმი მიიღწევა ერთი და იმავე პროცესის განმეორებით. იგი არის დაძაბულობის მოხსნის კარგი საშუალება. რიტმი ზოგავს ძალებს და უყალიბებს ადამიანს ხასიათს. მისი მეშვეობით სწავლობს ადამიანი დღის სწორად განაწილებას. ყოველი ზუსტი, გაცნობიერებული გამეორება აძლიერებს ნებას და მატებს ბავშვს თავდაჯერებულობას. ასეთი ბავშვები, მომავალში კარგად ორგანიზებულ ადამიანებად ყალიბდებიან.

საბავშვო ბაღში ცხოვრება აქტივობა-დასვენების ანუ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის, შეკუმშვა-გაშლის რიტმზეა აგებული. ბაღში დღის, კვირის და წელიწადის რიტმები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბაღში ერთი და იგივე პროცესი ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მეორდება, მხოლოდ საქმიანობები იცვლება კვირის დღეების მიხედვით. ორშაბათი ცხობის დღეა, სამშაბათი – ევრითმიის, ოთხშაბათი – ცვილით ძერწვის, ხუთშაბათი – ტყეში გასეირნების, პარასკევი – აკვარელით ხატვის. წლის რიტმი ზეიმებთან არის კავშირში.