მუსიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბაღში დილა იწყება სიმღერით. ვმღერით თამაშის, საუზმის მომზადების, ხელსაქმის, ალაგების დროს. ზღაპრის მოყოლის წინ და რიტმული თამაშებისას. დილის წრეზე ვმღერით წელიწადის დროის შესაბამის სიმღერებს. ბაღში  ვუკრავთ არფაზე, ქსილოფონზე. ბავშვებიც სიხარულით უკრავენ მათზე. საბავშვო ბაღის ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი „ინსტრუმენტი“ არის ადამიანის ხმა. კარგი სიმღერა ბავშვზე დამამშვიდებლად მოქმედებს. განსაკუთრებით ახლოს არის ბავშვთან პენტატონიკური და ხალხურ მოტივებზე შექმნილი საბავშვო სიმღერები.                   

  ფერხული - ეს არის გარითმული მოკლე ამბავი ან ზღაპარი, სიმღერისა და მოძრაობის თანხლებით. ფერხული იცვლება წელიწადის დროის მიხედვით. იგი შეიძლება იყოს მარტივი და რთული. ხან მეფეებად და დედოფლებად, ხან ქონდრისკაცებად და ხელოსნებად, ხანაც ფრინველებად და ცხოველებად გადავიქცევით. თითოეული მოძრაობა წარმოთქმულ სიტყვას უნდა შეესაბამებოდეს. ფერხული  არის მოწესრიგებული თამაში. იგი ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ფერხულის დროს თითქმის ყველა გრძნობის ორგანო აქტიურია. ვითარდება სოციალური უნარიც - ზრუნვა მეორე ადამიანზე, ბუნებაზე, ცხოველებსა და ფრინველებზე.  ფერხულში ხშირად გამოიყენება საპირისპირო ხატები: დიდი და პატარა, ხმამაღლი და ხმადაბალი, ჩქარი და ნელი, მხიარული და სევდიანი, აქტიური და პასიური. ორ პოლუსს შორის მუდმივი მოძრაობაა. ეს ყველაფერი კი შესაძლებლობას აძლევს  ბავშვს ჰარმონიულად განვითარდეს. ჩამოუყალიბდეს წელიწადის დროებთან სწორი მიმართება.