ზოგადად, ყველა ბავშვის ფსიქიკური თუ ფიზიკური განვითარება, გარკვეულ ასაკობრივ კანონზომიერებებს ემორჩილება. ეს განვითარება ყველაზე უკეთ მათ ნახატებში აისახება. ერთი ასაკის ბავშვების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დახატული ნახატები მსგავსი შტრიხებით ხასიათდება. თუ ნახატის წაკითხვას ვისწავლით, მისგან ბევრ რამეს ამოვიკითხავთ, დავინახავთ (თამაშის დროს ბავშვზე დაკვირვების მსგავსად) სად აქვს ბავშვს პრობლემები, რა სტკივა, რა აწუხებს, რა უხარია, სად სჭირდება ჩვენი დახმარება. ამიტომ ხატვა ვალდორფის საბავშვო ბაღში ერთ-ერთი აუცილებელი საქმიანობაა. აღმზრდელები ხატვის პროცესში არ ერევიან, არ ხდება ხატვის სწავლება, ბავშვი ხატვისას თავისუფალია, ხატავს იმას, რაც მას სურს და როგორც შეუძლია. ბავშვის ნახატები მოგვითხრობენ მისი სასიცოცხლო ძალების, შინაგანი ორგანოების და შინაგანი ძალების განვითარების შესახებ. ნახატებში არ უნდა შევიტანოთ შესწორება. უმეტესად ბავშვი ხატავს იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს. თითოეული ნივთი ნახატში საკუთარ თავთან არის გაიგივებული. ნახატებში, ასაკობრივი განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე, ასაკის შესაბამისი ფორმები ჩნდება. მაგალითად, ბავშვი წრეს კრავს 3 წლის ასაკში, ოთკუთხედი 4-5 წლის ასაკში ჩნდება, სამკუთხედი 5-6 წლის ასაკში. რადგან ბავშვებს ეს ფორმები სწორედ მაშინ გამოყავთ, როცა მათი ორგანიზმი საამისოდ მზად არის. 

მხატვრულ-შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად მნიშვნელოვანია ბავშვმა განიცადოს ფერთა სამყარო. ამიტომ კვირაში ერთხელ ვხატავთ წყლის საღებავებით. თავიდან მხოლოდ ერთ ფერს ვაძლევთ (ყვითელს) და ვუყვებით პატარა ამბავს, შემდეგ შემოდის მეორე ფერი (წითელი) და ვაგრძელებთ ამბის მოყოლას.  ასე თანდათანობით შეგვყავს ბავშვები ფერთა ჯადოსნურ სამყაროში, რაც სასიკეთო გავლენას ახდენს გემოვნების ჩამოყალიბებაზე და მხედველობაზე.