ევრითმია

სიტყვა ევრითმია ძველი საბერძნეთიდან მოდის (eu- ლამაზი, rythmos-დინამიური ნაკადით გამოხატული მოძრაობა). იგი, როგორც ახალი, თანამედროვე მოძრაობის ხელოვნება მე-20 საუკუნის დასაწყისში ავსტრიელი ფილოსოფოსისა და პედაგოგის რუდოლფ შტაინერის მიერ შეიქმნა. თავდაპირველად ევრითმია, როგორც მოძრაობით გამოხატული ხილული მეტყველება და მუსიკა, სასცენო ხელოვნების დარგი იყო, მაგრამ მისმა მრავალმხრივმა შესაძლებლობებმა პრაქტიკულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ეფექტური გამოყენება ჰპოვა პედაგოგიური, სამკურნალო თუ ჰიგიენური ევრითმიის სახით.

ბოლო პერიოდში (ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ) ევრითმიამ დაწესებულებებსა და საპატიმროებშიც შეაღწია. იგი ეფექტური საშუალება აღმოჩნდა როგორც წარმოება-დაწესებულებებში კონფლიქტური, პრობლემური სიტუაციების განსამუხტავად, ასევე მსჯავრდებულებთან მუშაობის დროსაც.

ევრითმიას ვალდორფის პედაგოგიკაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ევრითმიული სავარჯიშოები ითვალისწინებს ბავშვის ასაკობრივი განვითარების სპეციფიკას, მათი მეშვეობით ხდება როგორც ინდივიდუალური, ასევე სოციალური უნარების განვითარება.

ინდივიდუალური პროცესების განვითარებაში  იგულისხმება: ინდივიდუალური ზრდის პროცესის ჰარმონიზირება; გახსნილობის, გულწრფელობის და სითამამის წახალისება; შიშისა და დაურწმუნებლობის გადალახვა; ყურადღების კონცენტრაციისა და სხეულის აღქმის გაძლიერება; წონასწორობის გრძნობის გავარჯიშება; სივრცეში ორიენტაციის განვითარება.

სოციალური უნარების განვითარებაში იგულისხმება: ჯგუფური ზრდის პროცესის ჰარმონიზირება; სხვებისადმი პატივისცემის, ნდობის, ერთობლივი მუშაობის პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება.

ჩვენს საბავშვო ბაღში ევრითმია კეთდება კვირაში ერთხელ, ამგვარი რიტმი ბავშვებს აჩვევს მოთმინებას, უყალიბებს მოლოდინისა და დროის განცდას.  ბავშვები ევრითმიის კეთებას 3-3,5 წლიდან იწყებენ.