მიბაძვა და მაგალითი განსაზღვრავს სწავლების პრინციპს ადრეული ბავშვობის ასაკში და თანმიმდევრულად ამზადებს ბავშვს სასკოლო ასაკისათვის. პატარა ბავშვი სრულიად გახსნილია გარე სამყაროს მიმართ. ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება, ღრუბელივით შეისრუტავს. ამ ასაკში ის ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული კარგისა და ცუდის გასარჩევად. გაფილტვრის გარეშე იღებს და ითვისებს აღქმულს, ბაძავს ყოველივეს რაც მის გარშემო ხდება. ზნეობრივი შეგონებები და კეთილგონივრული რჩევები კი არ მოქმედებენ ბავშვზე, არამედ ის, რასაც გარშემო მყოფნი მის თვალწინ ჩადიან. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ბავშვს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ის მშვინვიერად და სულიერად კეთილის, ჭეშმარიტის, ლამაზის და ბრძნულის მიმბაძველ არსებად ჩამოყალიბდება. აღმზრდელებმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ბავშვის წინაშე, ჩვენ ხომ ჩვენი მოქმედებებით, ქცევებით, ჩვევებით, ცხოვრების წესით დიდ გავლენას ვახდენთ ბავშვის ჯანმრთელობასა  და განვითარებაზე. მხოლოდ კარგ მაგალითზე ორიენტირებულ მოზარდს გაყვება მოზრდილობაში სიმტკიცე, თავდაჯერებულობა, ქმედითუნარიანობა, კეთილგანწყობა და მოწიწება გარემოს მიმართ.