ბავშვებს ჰაერივით სჭირდებათ ზღაპრები. ზღაპარი სულიერ და შინაგან სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს. ხალხურმა ზღაპრებმა შემოგვინახეს კაცობრიობის შექმნისა და განვითარების ისტორია. ზღაპარი ნათელხილვით, წინასწარმეტყველებით და საუკუნეების მანძილზე ადამიანის გამოცდილებით არის გაჯერებული. ზღაპარი საუკეთესო სულიერი საკვებია ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. პატარები ცხოვრობენ იმ ხატებში, იმ სიმბოლოებში, რომლებსაც ზღაპარი გადმოგვცემს. მისი იდუმალი ენა ადამიანის ბედზე, სამშვინველზე და სულზე, მაღალ ღირებულებებზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, შიშსა და სიმამაცეზე გვესაუბრება. ეს ენა ბავშვებს უფროსებზე უკეთ ესმით.

ზღაპრის მოყოლის დროს ბავშვებს ვუქმნით შესაბამის მშვიდ გარემოს. სანთლის ანთება, პატარა ლამაზი სიმღერა, წინ უსწრებს ზღაპარს. ვყვებით მშვიდად, პაუზებით, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე. უნდა შეგვეძლოს ბავშვამდე თითოეული სიტყვის, სიმბოლოსა და ხატის მიტანა. ზღაპრის პერსონაჟებს უწევთ უამრავი სირთულის გადალახვა, სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. ბავშვი თავს ზღაპრის პერსონაჟებთან აიგივებს, ხან მეფეა, ხან კომბლე, ფიფქია და კონკია, უძლეველი რაინდი და ა.შ. მათთან ერთად განიცდის ყველაფერს, ძლევს სირთულეებს, ამარცხებს ბოროტებას. ზღაპარი ამდიდრებს ბავშვის სულიერ სამყაროს და აძლიერებს წარმოსახვის ძალებს.

უმჯობესია ბავშვს ზღაპარი მოვუყვეთ, ვიდრე წავუკითხოთ. მოყოლის დროს უშუალო კავშირი მყარდება მსმენელსა და მთხრობელს შორის. ის უფრო დამაჯერებელი და შთამბეჭდავია, რაც  ყურადღებისა და სმენის კონცენტრაციას იწვევს.