ხელსაქმის დროს  ბავშვები სწავლობენ ხელების გონივრულ, მარჯვე მოძრაობას. ხელები ვარჯიშდება პრაქტიკულ ცხოვრებაში და პრაქტიკული ცხოვრებისთვის თამაში უნდა გადაიზარდოს მუშაობაში. დილის საათებში  ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა დაკავდნენ ხელსაქმით. გარდა იმისა, რომ მონაწილეობას იღებენ საუზმის მომზადებაში, მათ შეუძლიათ შეკერონ, თითებით მოქსოვონ, გამოჭრან ფურცლები. აქ ყოველგვარი ძალდატანება  გამორიცხულია. საკუთარი ხელით რაიმე ნივთის შექმნა ბავშვებისთვის საყვარელი საქმიანობაა. თითები ამ დროს აქტიურად მოძრაობენ (ვითარდება ფაქიზი მოტორიკა), ეხებიან ბუნებრივ მასალას (შეგრძნებების განვითარება), სამუშაო აუცილებლად უნდა დასრულდეს.

წელიწადის დროების მიხედვით იცვლება საქმიანობაც: შემოდგომაზე ფერადი ქაღალდებისგან ვამზადებთ ფრანებს, ლამპრებს, ვკერავთ ჯუჯებს, ვასხამთ ძაფზე ნიგოზს და ვავლებთ ჩურჩხელებს; ზამთარში  ვჭრით ფიფქებს, ვკეცავთ ვარსკვლავებს, ვავლებთ სანთლებს; გაზაფხულზე ვკერავთ ჩიტებს, ბაჭიებს, ვაკეთებთ გირლიანდებს; ზაფხულში ვაკეთებთ ფერადი ქაღალდებისგან ყვავილებს.

 უფროსები ყურადღებით უნდა მოვექცეთ ბავშვის მიერ დამზადებულ ნივთებს და შევუქოთ ნამუშევარი, ამით ვახალისებთ მათ და ახლის შექმნის სურვილს ვუჩენთ.