იმისთვის, რომ ბავშვები ასაკის შესაბამისად ვკვებოთ, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ვიცოდეთ საკვები პროდუქტების შესახებ. სრულფასოვანი კვება დაკავშირებულია საკვები პროდუქტის მაღალ ხარისხთან. საკვებმა პროდუქტებმა არა მარტო უნდა დაგვანაყროს, არამედ ადამიანის ორგანიზმს მოძრაობისკენ უბიძგოს, სასიცოცხლო ძალებით აღავსოს, გაააქტიუროს. ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა თავად პროდუქტი არის სავსე მაცოცხლებელი ძალებით. სწორად შერჩეული საკვები ხელს უნდა უწყობდეს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად ფუნქციონირებას, ადამიანის ნების განამტკიცებას.

ბავშვები, დილით, ნასაუზმები მოდიან. 11.40 – 12.00 კი გვაქვს მეორე საუზმე, რომელიც ძირითადად სხვადასხვა მარცვლეულისგან მზადდება. მარცვლეული უმნიშვნელოვანესი საკვებია, რომელიც მდიდარია ბუნებრივი ვიტამინებით, სავსეა მაცოცხლებელი ძალებით. ყოველი კვირის ერთი და იგივე დღეს ერთი და იგივე საუზმე (სადილიც) მეორდება. საუზმეზე ასევე, გვაქვს წელიწადის დროის შესაბამისი ხილი ან ბოსტნეული და ჩაი, რომელიც სხვადასხვა სასარგებლო მცენარისგან მზადდება.

საბავშვო ბაღის ოთხივე ჯგუფში არის სამზარეულო კუთხე. ბავშვები ყოველდღიურად ხედავენ, თუ როგორ მზადდება საუზმე და თავადაც მონაწილეობენ მის მომზადებაში. ხალისით არჩევენ მარცვლეულს, ჭრიან ხილს, ზელენ ცომს და აცხობენ პურს, გვეხმარებიან მაგიდის გაშლაში. იშვიათი გამონაკლისის გარდა საუზმეს ყველა სიამოვნებით მიირთმევს, ისეთ საუზმესაც, როგორიც სახლში არც კი გაუსინჯავთ. მშობლებს სთხოვენ ისეთი საუზმე მოუმზადონ, როგორიც ბაღში მზადდება.

საუზმეს წინ უძღვის პატარა ლოცვა და მთავრდება სამადლობელი სიტყვებით, რაც ბავშვში საკვებისადმი მოწიწების გრძნობას აღძრავს.