საბავშვო ბაღის მოწყობა გულისხმობს ბავშვის განვითარებისთვის ხელსაყრელი საარსებო სივრცის ორგანიზებას. იგი შესაძლებელია სამად წარმოვიდგინოთ:

I - ინტერიერი                                                                                                                 

II - ეზო                                                                                                                

III -  დამატებითი ღია სივრცე.

I. ინტერიერი - ბავშვის ასაკის შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი. ბავშვის პირველი შთაბეჭდილებები და აღქმები ხელოვნურ მასალას არ უნდა  უკავშირდებოდეს. ხელოვნური საგნები თავისი ფერით, სტრუქტურითა და ტემპერატურით არ გამოხატავს სამყაროს რეალურ ხასიათს. ბავშვის სწორად განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მას შეხება მხოლოდ ბუნებრივ მასალასთან ჰქონდეს. დიდი მნიშნელობა აქვს ოთახის ფერთა გამას, ავეჯის ხარისხს. ოთახი უნდა იყოს ნათელი, კედლები, სასურველია, იყოს ფაქიზი ვარდისფერი, ფარდებიც ბუნებრივი მასალის და ვარდისფერი. იატაკი და ავეჯი ხის, სასურველია, ლაქით არ იყოს დაფარული. ავეჯს არ უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი წიბოები და კუთხეები - უნდა იყოს გლუვი.

 ჩვენს ბაღში ყველა ეს პირობა დაცულია. ოთახში სხვადასხვა სათამაშო კუთხეა მოწყობილი, თოჯინების სახლი, მაღაზია, სამშენებლო და თოჯინების თეატრის კუთხეები, რომლებიც ერთმანეთისგან ხის მოძრავი ხარიხებით არის გამოყოფილი. მაგიდები, სკამები და ხარიხები ბავშვებს სურვილისამებრ შეუძლიათ გადააადგილონ და მათი დახმარებით ააგონ სახლი, გემი, მანქანა და ა. შ.  

თანამედროვე ადამიანი, განსაკუთრებით ქალაქის მცხოვრები, თავისი ერთფეროვანი საქმიანობის გამო, სულ უფრო კარგავს წელიწადის დროთა რიტმული მონაცვლეობის განცდას, რაც თავის მხრივ, შეგრძნებათა გაღარიბებას იწვევს. ამიტომ, ვალდორფის საბავშვო ბაღებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. დროის მაგიდის შექმნა - გაფორმებას. ოთახში გვაქვს პატარა კუთხე, რომელიც თავისი შინაარსითა და ფერებით ქმნის დროის შესაბამის განწყობას. იცვლება თვეში ერთხელ და მოგვითხრობს ყოველი თვის დამახასიათებელ ამბავს. დროის მაგიდა ბავშვებს ძალიან მოსწონთ, მოწიწებით ზრუნავენ მასზე და უფრთხილდებიან. 

II. ეზო -  ჩვენი ბაღის საარსებო სივრცის განუყოფელი ნაწილია ეზო, სადაც ნებისმიერ ამინდში გავდივართ. ეზო მხოლოდ გასართობი და სათამაშო ადგილი როდია! ბავშვი ყოველდღიურად აკვირდება ეზოში უფროსების საქმიანობას  და თავადაც ჩართულია მასში. ჩვენ ერთად ვალაგებთ ეზოს, ვუვლით ყვავილებს. ეზოს ბოლოში გვაქვს პატარა ბოსტანი, სადაც გაზაფხულზე ბოსტნეულს ვთესავთ, ვზრუნავთ, ვრწყავთ, ვმარგლავთ. შემოდგომაზე  მცირე მოსავალსაც ვიწევთ. ბავშვები, ცხადია, სიხარულით ერთვებიან პროცესში. ეზოში გვაქვს მორები, ქვები, ხის მორებით შემოსაზღვრული ქვიშის ყუთი, რომელზეც ბავშვები სიამოვნებით დადიან და წონასწორობის შენარჩუნებას სწავლობენ. ეზოში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ბავშვებმა განივითარონ ფანტაზია და გრძნობათა ორგანოები. რაც უფრო განვითარებულია გრძნობის ორგანოები, ბავშვი მით უფრო ჯანსაღ ურთიერთობას ამყარებს გარე სამყაროსთან. უფრო კარგად ფლობს საკუთარ სხეულს, უფრო თავდაჯერებულია, მამაცი, გაბედული და უშიშარია. 

III.  ეზო, როგორც ადამიანის კულტურულ-შრომითი საქმიანობით ორგანიზებული სივრცე, ვერ ჩაანაცვლებს ბუნებასთან უშუალო შეხებით გამოწვეულ განცდებს. ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პერიოდულ (კვირაში ერთხელ) მცირე ექსკურსიებს თბილისის შემოგარენში, სადაც უფრო ღია და ბუნებრივ სივრცეში მყოფ ბავშვებს წელიწადის სეზონური თავისებურებების პირდაპირი და უშუალო აღქმის შესაძლებლობები ეძლევათ.