თამაშის მეშვეობით ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ სამყაროს გაგებას, მის შემეცნებას სწავლობს. ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება, თამაშში გადაამუშავებს. თამაშის მეშვეობით ის გამოცდის იმას, თუ რას ნიშნავს იყო „დიდი“: დედა, მამა, ექიმი, მეხანძრე და ა.შ. ბავშვები ისეთივე სერიოზულობით ეკიდებიან თამაშს, როგორც უფროსები თავიანთ საქმეს. თამაშის არსი მის თავისუფლებაშია. თამაშის დროს, ბავშვზე დაკვირვებისას, კარგად ჩანს, თუ რა აწუხებს მას, ან რა უხარია, სად სჭირდება ჩვენი დახმარება. თავისუფალი თამაში ბავშვის ფიზიკური სხეულის, ნებისყოფის, ფანტაზიის განვითარების უმთავრესი პირობაა. სათამაშოს, ბავშვი, თავის განუყოფელ ნაწილად აღიქვამს, ამიტომ ჩვენი უმთავრესი ვალია, ბავშვს მივცეთ მხოლოდ ისეთი სათამაშო, რომ მან შეძლოს ფანტაზიის ძალების გააქტიურება. სათამაშო უნდა იყოს რაც შეიძლება მარტივი ფორმის (რაც უფრო სრულყოფილია სათამაშო, მით უფრო ნაკლები ადგილი რჩება ბავშვს წარმოსახვისა და შინაგანი აქტიურობისთვის).

ჩვენთან ყველა სათამაშო ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული, ანუ არ ვატყუებთ ბავშვს იმიტირებული მასალებით (პლასტმასი, სინტეთიკა). ბუნებრივ წონასთან და სუნთან (ხე, მატყლი, ლითონი) ყოველდღიური შეხება ანვითარებს გრძნობათა ორგანოებს, რომელთა მეშვეობითაც მან უნდა დაამყაროს კონტაქტი სამყაროსთან, განიცადოს საკუთარი სხეული  და მყარად დადგეს მიწაზე. ბავშვისთვის საუკეთესო სათამაშოებია: დიდი ზომის კურკები, ველური წაბლი, გირჩები, კენჭები, ხის ნაჭრები, ნიჟარები, ფერადი ნაჭრები, ჭურჭელი და ა.შ.. თოჯინებიც ბუნებრივი მასალისგანაა დამზადებული: შეკერილია ბუნებრივი ნაჭრისგან, დატენილია მატყლით, თბილია, თვალები და პირი მხოლოდ მსუბუქად არის მინიშნებული, ვინაიდან ბავშვმა თოჯინა თავის ფანტაზიით უნდა გააცოცხლოს.